პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მუშაობის დასაწყებად, თუმცა, მისი თქმით, ეს არ უნდა მოხდეს ულტიმატუმების ფონზე.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო პროცესზე მუშაობის დასაწყებად პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, ხელისუფლება ამ პროცესისთვის გახსნილია და დიდი ხანია მზად არის, დაიწყოს მუშაობა.
"ხელისუფლება ითანამშრომლებს ყველა პარტიასთან, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, თუმცა არა მგონია ამ პროცესს ულტიმატუმებით საუბარმა ხელი შეუწყოს",-აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან ბაქრაძე აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ "მზა პროექტების წარდგენა" პროცესზე დადებითად არ აისახება.
"ერთობლივი მუშაობა ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები უნდა იქნას ერთობლივად მიღებული და არა რომელიმე მხარის მიერ შეთავაზებული",-აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძე არაფერს აცხადებს იმაზე, კონკრეტულად როდის იქნება შესაძლებელი მუშაობის დაწყება ან რა ფორმატით. სწორედ ეს საკითხები სახელდება ოპოზიციის მხრიდან მთავარ პრობლემებად.