საპარლამენტო ოპოზიცია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მუშაობის დროულ დაწყებას ითხოვს და აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებლობას პირადად დავით ბაქრაძეს აკისრებს.
ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში მას შემდეგ გააკეთეს, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.
შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე უმცირესობაში შემავალი პარტიის ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დეპუტატები არ არიან.
როგორც გიორგი თარგამაძე აცხადებს, თუკი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა დროულად არ დაიწყება, შესაძლოა, ქვეყანა დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რომ მიღებულ ცვლილებებს სათანადო იმპლიმენტაცია დასჭირდეს.
ამ მოსაზრებას ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლებიც იზიარებენ და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული.
რაც მთავარია, ბაქრაძეს ახსენებენ იმას, რომ სწორედ ის გამოდიოდა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დაწყების ერთ-ერთ ინიციატორად. შესაბამისად, პროცესზე პასუხისმგებლობას პირადად დავით ბაქრაძეს აკისრებენ.