ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია "პრეზიდენტად" არჩევის შემდეგ "ოფიციალური ვიზიტით" რუსეთში, დაახლოებით, შვიდჯერ იმყოფებოდა. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი მას პირისპირ არასოდეს ხვდებოდა. და, აი, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, მოსკოვმა ოკუპირებული სოხუმისთვისაც მოიცალა. ასლან ბჟანია სოჭში ვლადიმერ პუტინს 2020 წლის 12 ნოემბერს შეხვდა - რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის კოლონიზაციის ახალ ფაზაზე გადავიდა.
ამ შეხვედრის მთავარი შედეგი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებაა. აფხაზეთის კიდევ უფრო მეტად ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციასთან მოსკოვის მხრიდან ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაოფიციალურ ანექსიას 2008 წლიდან აქტიურად ეწევა. ამას ადასტურებს ე.წ. შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების მთელი წყება. ჯერ მარტო საერთო საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა რად ღირს, დე ფაქტო აფხაზეთის ვითომ შინაგან საქმეთა და რუსეთის ამავე უწყებას შორის. აქვე, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო ძალების რუსულ არმიასთან შეერთებაც უნდა გავიხსენოთ.
მოსკოვის სტრატეგიული მიზანი ორივე რეგიონში თუნდაც მოჩვენებითი "სუვერენიტეტის" მინიმალური ნიშნების ბოლომდე აღმოფხვრაა. კრემლს სურს, ე.წ. ინსტიტუციებზე სრული კონტროლი დაამყაროს. "ღრმა ინტეგრაციასთან" დაკავშირებული ხელშეკრულებები მიზნად ისახავს, აფხაზეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს რუსეთზე, ასეთი რამ თუ საერთოდ შესაძლებელია.
უახლესი შეთანხმების თანახმად, ოკუპირებულმა რეგიონმა თითქმის ყველა სფეროში „კანონმდებლობის“ რუსულ ნორმატიულ აქტებთან ჰარმონიზაცია უნდა მოახდინოს. კრემლი სოხუმის კოლონიად გადაქცევის პროცესში გადამწყვეტ ფაზაზე გადავიდა. ფინანსური, ენერგო, ეკონომიკური და სოციალური სფერო აფხაზეთში ახლა რუსული კანონებით უნდა დარეგულირდეს.
საინტერესოა, რომ 12 ნოემბერს შეთანხმებული ცვლილებების პაკეტი ორმაგი მოქალაქეობის საკითხსაც ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ რუსებისთვის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს. ამ გზით კი ისინი უძრავი ქონების შეძენას მოახერხებენ და რაც მისატაცებელი დარჩათ, იმასაც მიითვისებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა ასეთი ცვლილებების წინააღმდეგი ყოველთვის იყო, ამიტომ, პუტინის მოთხოვნების მიუხედავად, ასე თუ ისე, მაინც ვერცერთი "ხელისუფლება" ახერხებდა სენსიტიურ თემაზე გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, ახლა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აფხაზეთში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. ყოველდღიურად ვაწყდებით აფხაზურ სოციალურ ქსელში აღშფოთებული ადამიანების პოსტებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ოკუპირებული რეგიონის დიდ ქალაქებში ელექტროენერგია საათობით წყდება, ხალხს ცივა, შია, ელემენტარული პირობები არ გააჩნია. კრემლი კი დაფინანსებას უმცირებს.
სავარაუდოდ, სოჭში, დახურულ კარს მიღმა პუტინი ბჟანიას სწორედ ამ დაფინანსების თემაზე ევაჭრებოდა. სქემა მარტივია: აფხაზეთი მიწებს თმობს, რუსეთი არსებობისთვის მინიმალურ თანხას მიუგდებს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე თავად აფხაზები და რამდენ ხანს გაგრძელდება მათი მოჩვენებითი სუვერენიტეტი მაშინ, როდესაც რუსეთი ცოტახანში სუნთქვის გაკონტროლებასაც კი დაუწყებს.
შინაარსობრივ ნაწილს რომ ცოტახნით მოვწყდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები. კრემლმა საქართველოს სუვერენიტეტის სრული იგნორირებით ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს რეგიონთან, თანაც ისე, რომ ოფიციალური თბილისის ინფორმირება არ მომხდარა.
12 ნოემბრის შეთანხმება კრემლის შორსმიმავალი ზრახვების არაჩვეულებრივი ილუსტრაციაა. პუტინი საქართველოს გვერდის ავლით "აღიარებს" დამოუკიდებელი ქვეყნის რეგიონების ვითომ დამოუკიდებლობას, მათთან ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს, დოკუმენტებს აწერს ხელს, სამხედრო ბაზებს აშენებს და, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ახლა დადასტურებულად შეიძლება, ვთქვათ, რომ ადგილზე ეფექტურ კონტროლსაც ახორციელებს. თუმცა, ერთია, რას ამბობს პუტინი და მეორეა რეალობა. მოსკოვმა შეიძლება, "აღიაროს" აფხაზეთის "დამოუკიდებლობა", "ხელშეკრულებებიც" გაუფორმოს სეპარატისტებს, მაგრამ ის სრულიად იზოლირებულია ამ ქმედებებში. არცერთი პატივსაცემი საერთაშორისო აქტორი მის ამ გადაწყვეტილებებს პატივს არ სცემს და არც აფხაზების დამოუკიდებლობას მიიჩნევს ჭეშმარიტებად.
საბოლოოდ, რუსეთის ეკონომიკას საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ტვირთად აწვება, რადგან განვითარებული სამყაროს ქვეყნები უარს აცხადებენ არაღიარებულ "რესპუბლიკებთან" ვაჭრობასა თუ ნებისმიერი სახით თანამშრომლობაზე. ამასობაში, პანდემიამ თავად რუსეთის ისედაც სიკვდილის პირას მყოფი ეკონომიკა კიდევ უფრო დააზარალა, რუბლი გაუფასურების რეკორდებს ხსნის, ქვეყანა კოლაფსის ზღვარზეა. ჩვენ წარმატებები ვუსურვოთ ვლადიმერ პუტინს საკუთარი მოსახლეობისთვის იმის ახსნაში, თუ რატომ ხარჯავს რუსი ხალხის ფულს ავტოკრატი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე უკანონო ქმედებებში, სხვის ცხოვრების სუბსიდირებაში. მით უმეტეს, კრემლის ეს თავნებობა რუსეთის ჩამოშლილ ეკონომიკას სანქციების სახით ბუმერანგივით უბრუნდება.
გვანცა ნაზღაიძე