საპარლამენტო უმცირესობა ნაგვის გადაყრაზე სანქციების გამკაცრებაში გარკვეულ პოლიტიკურ საფრთხეს ხედავს.
ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან დღეს გაკეთდა სესიაზე, სადაც მეორე მოსმენით იხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი.
"ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება საპროტესტო აქციებისას, როდესაც ადამიანი დგას ქუჩაში და ეწევა სიგარეტს. ამ სიგარეტის ნარჩენს უბრალოდ აგდებს ქუჩაში და ეს დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. ხელისუფლებას კი საშუალება ექნება ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ დღეში 200 ლარიანი ჯარიმით რამდენჯერმე დააჯარიმოს," - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისი აზრით, დღეს შეიძლება ვინმეს სასაცილოდ ეჩვენებოდეს, მაგრამ, როდესაც ქვეყანა ამ პრობლემის წინაშე დადგება, მაშინ უკვე გვიანი იქნება.
ვეფხვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს "ნაგვის გადაყრის თემას პოლიტიკური სპეკულაციისთვის ნუ გამოიყენებს".