მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთში ვიზიტი შეაჯამა.
როგორც ნოღაიდელმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, მოსკოვში ვიზიტის დროს ის "ედიანაია რასიას" წევრებს შეხვედრა და რუსეთში მიმდინარე მოსახლეობის აღწერა განიხილა.
"რუსეთში დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ქართველი ცხოვრობს. ნახევარი მილიონიდან 650 ათასამდე საქართველოს საარჩევნო სიაშია შეყვანილი. ზოგიერთი მათგანი რუსეთში არალეგალურად ან ლეგალურად იმყოფება. ზოგი ერთი პასპორტით სარგებლობს ზოგი ორით. ეს არის ის გადამწყვეტი უპირატესობა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" იღებს არჩევნებში", - აღნიშნა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერმა.
ამასთან, ნოღაიდელმა საქართველოს ხელისუფლება არჩევნებში რუსეთში მცხოვრები ქართველების ხმების რაოდენობის გაყალბებაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ აინტერესებს, ზუსტად იცოდეს ხალხის ის რაოდენობა, რომლის ხმებსაც მთავრობა ითვისებს.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი, ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთში ვიზიტით ოქტომბრის დასაწყისში იმყოფებოდა.