მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მის მოძრაობასა და "ქართულ პარტიას" შორის თანამშრომლობა აუცილებლად შედგება.
ნოღაიდელმა ასევე დაადასტურა, რომ ის ევროპაში არაერთხელ შეხვდა ქართული პარტიის ერთ-ერთ დაფუძნებელსა და ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს.
"სამართლიანი საქართველო" და "ქართული პარტია" აუცილებლად ითანამშრომლებენ. როგორი იქნება ეს თანამშრომლობა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თანამშრომლობა აუციებლად შედგება, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ "ქართული პარტიის" მიერ კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბებას და შესაბამისად მის დამფუძნებელ ყრილობას. ქართული პარტიის შექმნა ძალიან დადებითი პროცესია ქართული პოლიტიკისთვის," - განაცხადა პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ზურაბ ნოღაიდელმა.
მან განმარტა, რომ ამ ორ პარტიას შორის კონსულტაციები და მჭიდრო კომუნიკაციები აუცილებლად გაგრძელდება და აღნიშნავს, რომ ცალკე აღებულ ოპოზიციურ ძალას მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთად დგომისკენ რამდენიმე კარგი ნაბიჯი უკვე განხორციელდა, რაც ძალიან დადებით ფაქტორს შექმნის ოპოზიციის გამარჯვებისთვის.