ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს ფეისბუქზე ეხმიანება. კახიძე წერს, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა არის ღირსების შელახვა.
"ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა არის მისი ღირსების შელახვა, ყოველგვარი მაგრამების გარეშე. როგორც კი იწყება მიზეზებზე საუბარი, რა ცუდი ადამიანი იყო, რომ რაღაც დააშავა, ვიღაც გაამწარა, ვიღაცას აწყენინა და ა.შ. - ამით ხდება ღირსების შემლახველი ქმედების გამართლება.
ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ადამიანს ასე არ შეიძლება მოექცე - თავზე ნაგავი არ უნდა დააყარო, არც უნდა დააშარდო და არც დაარწყიო (ბოდიში უხეში პარალელებისთვის).
თუ ვინმე ველურივით იქცევა, ეს არ უნდა გაამართლო და ამით მსგავსი ქმედება არ უნდა წაახალისო.
ასე არც ბოროტება დამარცხდება და არც უკეთესი ქვეყანა აშენდება." – წერს კახიძე თავის Facebook-გვერდზე.
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაგავი დააყარეს.