სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთი ანგარიში დაბლოკა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, ხამენეის გვერდზე გამოჩნდა შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტო, სადაც ის გოლფს თამაშობს უზარმაზარი (სავარაუდოდ სამხედრო) თვითმფრინავის ჩრდილქვეშ.
"შურისძიება გარდაუვალია", - ამგვარი მინაწერი ჰქონდა ტრამპის ფოტოს ხამენეის ანგარიშზე.
ტვიტერის ადმინისტრაციის ცნობით, ფოტო აღქმულია, როგორც მუქარა და/ან ძალადობისკენ მოწოდება, რაც უხეშად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს.
აიათოლა ალი ხამენეის ადმინისტრაცია Twitter-ზე არაერთ ანგარიშს განაგებს. ამ დროისთვის სოციალურმა ქსელმა ერთ-ერთი ანგარიში, კერძოდ, @khamenei_site გაყინა. სწორედ ამ პროფილზე გამოქვეყნდა მუქარის შემცველი ფოტო.
სხვა ანგარიშები ჩვეულ რეჟიმში განაგრძოებენ ფუნქციონირებას.
