ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო დაიჭირეს, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი, ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასაფარად გამოიყენა.
"შეეცადნენ სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვას ამ სამარცხვინო საქმით. ძალიან მწყინს და ძალიან განვიცდი იმას, რომ ჩემ გამო, უდანაშაულო ორი ადამიანი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ამდენი თვეა, სხედან ციხეში. ეს არის სრულიად ამორალური, ცინიკური რაღაცა, რაზეც პასუხს აგებს არა მხოლოდ დამკვეთი ივანიშვილი, არამედ ყველა ის მოსამართლე, ყველა პროკურორი და ყველა ის არაფორმალური ადამიანი, ბოროტების განსახიერება, რომელიც ამ ორ წესიერ ადამიანს უსწრაფავს სიცოცხლის დღეებს", - განაცხადა სააკაშვილმა გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა.
მან დაკავებულების ოჯახებსაც მიმართა და ბოდიში მოუხადა, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში "ბევრ უდანაშაულო ადამიანს მის გამო აკავებენ".
"მინდა დიდი თაყვანისცემით და ბოდიშის მოხდით მივმართო მათ ოჯახებს, ყველამ ვიცით რის გამო ხდება ეს. ეს ხდება ჩემ გამო. ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო დაიჭირეს. ყველაფერს გავაკეთებ რომ სიტუაცია გამოვასწორო, ღამეები არ მძინავს, რომ საქართველო ამ უბედურებიდან გამოვიყვანო", - ამბობს სააკაშვილი.