საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომის გამართვას გეგმავს, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და გია თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის სხდომის გამართვა შაბათისთვის იგეგმებოდა, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ უმრავლესობის წევრები დღეს შეიკრიბებიან და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტი მთავრობას შესასწორებლად უკვე გადაეცა და რეგლამენტის თანახმად ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბერს უნდა დაუბრუნდეს.
გარდა ამისა, როგორც ითქვა, დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ გია თორთლაძის საკანონდებლო ინიციატივაზე - "თავისუფლების ქარტიის" საკითხზე.
თავისუფლების ქარტია გუშინ იურიდიული, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იქნა განხილული. აღსანიშნავია, რომ დღეს ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზეც განიხილება, თუმცა უმრავლესობა ამ თემაზე მსჯელობას უმრავლესობის ფორმატით მაინც გეგმავს. სავარაუდოდ, განიხილება ასევე დეპუტატ თამაზ დიასამიძის უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი. შეგახსენებთ,Yრომ დიასამიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა და არაოფიციალურად ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ უმრავლესობიდან მისი გარიცხვა იგეგმება. უმრავლესობის სხდომა დღეს 14:00 საათიზე გაიმართება.