საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა, რომელშიც ევროპულ საქმეთა, პოლიტიკური, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სამართლებრივი და საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტების ხელმძღვანელების მონაწილეობით.
შეხვედრებისას ხორვატიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.
ქართულმა მხარემ ხორვატულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. აღინიშნა ხორვატიული მხარის მხარდაჭერის და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებში.
კონსულტაციების მიმდინარეობისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობები. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის გაფართოების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობების არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს.