არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება არის ძალიან სერიოზული დარტყმა "ქართული ოცნებისთვის”.
"რუსთავი 2"-თან საუბარში, ის არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მიერ ფონდ "ქართუსთვის" ქონების გადაფორმება, შესაძლოა, აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მიერ სანქციების გამკაცრების პოლიტიკას უკავშირდებოდეს.
"არ მგონია, საქართველოში ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილთან ან ფონდ "ქართუსთან", როგორც ქველმოქმედების გამწევ ადამიანთან, ან ორგანიზაციასთან. მაგრამ ამას არაფერი არ აქვს საერთო იმასთან, რომ ქვეყანაში პოლიტიკა გააქრო ბიძინა ივანიშვილმა და სახელმწიფოებრიობა გაქრობის ზღვარზე დააყენა. ქველმოქმედება იქნება, თუ არა, ის ქონება, რომელიც "ქართუზე" გადააფორმა, ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რადგან ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ვიფიქროთ, რომ სრულიად სხვა მიზანი ჰქონდა ამ ქონების გადაფორმებას. აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება არის ძალიან სერიოზული დარტყმა "ქართული ოცნებისთვის", რომელიც თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული იყო ტრამპის ადმინისტრაციაზე და იყო დარწმუნებული მის გამარჯვებაში და მთელი ეს მათი იდეოლოგია, რომელსაც ზაზა შათირიშვილის იდეოლოგიას ვეძახი, ემყარება სწორედ ლიბერალური დემოკრატიის ნგრევის თუ შესუსტების კონცეფციას და ეს მითი დაინგრა. ამერიკაში ახალი ადმინისტრაცია მოდის, რომელმაც გააძლიერა სანქციების პოლიტიკა", - თქვა ხიდაშელმა.