პარლამენტის წევრის, გია თორთლაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, "თავისუფლების ქარტიას", საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს, თუმცა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს მთელი რიგი შენიშვნები აქვთ, რომელთა გათვალისწინება კანონის საბოლოო მხარდაჭერისთვის აუცილებელ პირობად მიაჩნიათ. ამის შესახებ განცხადებები იურიდიულ, ადამიანის უფლებათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაკეთდა, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივა.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა განაცხადა, კომიტეტს აქვს 12 შენიშვნა და იმედოვნებს, რომ ეს შენიშვნები პროექტში მეორე მოსმენისთვის იქნება გათვალისწინებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი არის მნიშვნელოვანი, თუმცა შენიშვნები იურიდიულ კომიტეტსაც აქვს და დააკონკრეტა, რომ ეს შენიშვნები ეხება საბანკო გადარიცხვების კონტროლის, ასევე სტრატეგიულ ობიექტებზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი მოიცავს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რაც უნდა განხორციელდეს ანტიტერორისტული ქმედებების თვალსაზრისით.