იყო დრო, როცა საქართველო ქმნიდა მსოფლიო ისტორიას. ეს იყო დრო იმ 9 წელიწადში, რომელსაც ეს უდღეურები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ 9 წელი, სისხლიან 9 წელს ეძახიან, - განაცხადა "მთავარ აქცენტებში" საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითად საქართველოს 2012 წლის მაგალითი მოიყვანა.
“იყო დრო, როცა საქართველო ქმნიდა მსოფლიო ისტორიას. ეს იყო დრო იმ 9 წელიწადში, რომელსაც ეს უდღეურები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ 9 წელი, სისხლიან 9 წელს ეძახიან...ჩვენ ვქმნიდით მსოფლიო ისტორიას, ამერიკის პრეზიდენტი გვეძახოდა დემოკრატიის შუქურას, ახლა იგივე გაიმეორა სენატორმა შაჰინმა. ჩვენ არ ვიყავთ პატარა სოფელი და ჩვენ ისევ აღარ ვიქნებით პატარა სოფელი“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესის სხდომაზე, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაეთვალათ, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოს მაშნდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა.
„არჩევნების მეორე დღეს, მე და სენატორი რიში, პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდით, რათა მისი ხელისუფლებაში დარჩენისგან გადარწმუნება გვეცადა, ცხადად მახსოვს, მასთან მისვლა, დავსხედით და ვისაუბრეთ დემოკრატიის ღირებულებაზე, ვუთხარით რომ მან, ბოლო 8 წელი ძალიან ბევრი იშრომა და დემოკრატიის სიდიადე სწორედ იმაში იყო, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების შედეგად უნდა გადაებარებინა ადამიანისთვის, რომელიც ამომრჩევლებმა აირჩიეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინდა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.
მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე", - თქვა ჯინ შაჰინმა.