საქართველო პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე _ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლის აწევისა და რუსეთის ომის შედეგების აღმოფხვრისთვის ორი მილიარდი ინვესტიცია საკმარისია თუ არა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ წელს საქართველოში 6% ეკონომიკურ ზრდა არის მოსალოდნელი, მომავალი წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 7-8% იქნება.
"ვფიქრობ, ორ წელში იგი უკვე ორციფრიან ნიშნულს მიაღწევს. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მოხდება, რომელიც უკანასკნელი ორი კვარტალის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რომელი ქვეყნის ბიზნესმენები ახორციელებენ საქართველოში ინვესტიცებს და რა სფეროებში.
"ინვესტორებს საქართველოში ბევრი სფერო აინტერესებთ. რთულია თქმა, რომელი სფეროა მათთვის უფრო მიმზიდველი. ინვესტიციები შემოდის ტურიზმის, აგროტურის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული და ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობის სექტორებშიც. ყატარიდან ბევრი ინვესტიცია გვაქვს, ამ დღეებში შეხვედრა მქონდა კუვეიტისა და გაერთიანებული არაბეთის საემიროების ბიზნესმენებთან და ყველაფერი კარგად მიდის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ კარგად იცის, როგორ დააინტერესოს ინვესტორი.
მისი თქმით, გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან საქართველოში უკვე ერთი მილიარდის ინვესტიციაა განხორციელებული.
"ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ ლიდერები ვართ მსოფლიოში და გვინდა მომავალ წელს ათეულშიც მოვხვდეთ", - დასძინა სააკაშვილმა.