გერმანიამ, შესაძლოა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. იუწყება გავლენიანი გერმანული გამოცემა Spiegel-ი წყაროზე დაყრდნობით.
"სამთავრობო წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე, საჭიროა ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მოქმედება და ახალი სანქციების დაწესება. დრო კი იწურება. სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მარტში მიიღებს", - წერს Spiegel-ი.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ბერლინის უმაღლეს სასამართლოში ოქტომბერში დაიწყო.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და მის უკან რუსეთი დგას.
ბრალდების წარდგენის დოკუმენტში, რომელიც ფედერალური პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების დაკვეთით არის ჩადენილი.
პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ბრალს დებს რუსეთის მოქალაქეს, ვინმე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.-ს.
გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების დაკვეთით ჩადენილი მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.
გამოცემა deutsche welle წერდა, რომ ამ საქმემ, როგორც მანამდე სკრიპალებისა და შემდგომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეებმა, ბერლინს ეჭვი გაუძლიერა, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ოპონენტებს არამართლზომიერად სჯის. ეს კი გერმანია-რუსეთის ურთიერთობის სერიოზულ გაურესებას გამოიწვევს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.
ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა. იმის გამო, რომ მოსკოვი უარს აცხადებს ბერლინის დახმარებაზე მკვლელობის გამოძების საქმეში, გერმანიის საგარეო უწყებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
ბერლინის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებამ ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ფოტო: AFP