ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის მრავალჯერადი ვიზების გაცემა აკრძალა.
„ამ მომენტიდან რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ მრავალჯერადი ვიზების მიღება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობის დაგეგმვისას ახალი ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა მოუწევთ“, - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ბრიუსელი მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიება განმცხადებლების ხშირ და საფუძვლიან შემოწმებას უზრუნველყოფს, რაც უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის ქვეყნებისთვის პოტენციურ უსაფრთხოების რისკებს შეამცირებს.
„ახალი დებულებების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ წარდგენილი ყველა სავიზო განაცხადი დაექვემდებარება გაძლიერებული შემოწმების პროცედურებს და კონტროლის უფრო მაღალ დონეს. ეს ხელს შეუწყობს შენგენის ზონის მთლიანობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა.