ქრისტიან-დემოკრატები გრძელვადიანი პაემნების საკითხის კანონში ასახვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა. ბრიფინგს ესწრებოდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პატიმართა უფლებების კომისიის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძეც.
როგორც ნიკა ლალიაშვილმა აღნიშნა, ქრისტიან-დემოკრატები მიესალმებიან სასჯელთაღსრულების სამინისტროს ინიციატივას გრძელვადიანი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების შესახებ, თუმცა მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ეს ინიციატივა კანონმდებლობაში აისახოს. ამ აუცილებლობას, თამაზ ბაკურიძის თქმით, განაპირობებს დღეს მოქმედი "პატიმრობის შესახებ კანონი", რომელიც გრძელვადიან პაემნებს არ ითვალისწინებს.
როგორც ბაკურიძე აღნიშნავს, ხელისუფლებამ კი გააკეთა განცხადება რომ სასჯელთაღსრულების სისტემის ამ დაწესებულებაში უკვე დაიწყო გრძელვადიანი პაემნებისთვს ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა ქრისტიან-დემოკრატები შიშობენ, რომ "შესაძლოა ეს ხელისუფლების მერყევი ხასიათიდან გამომდინარე შეიცვალოს", ამიტომ აუცილებლად მიაჩნიათ, "ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დაპირებად არ დარჩეს და კანონის სახე მიიღოს".
გიორგი ახვლედიანის თქმით, ქრისტიან-დემოკრატები გრძელვადიანი პაემნების საკითხს არასაკმარისად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამ უფლების მინიჭება მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის არ არის საკმარისი და მისი სხვა კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის დაკანონებაც უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი პაემნების დაშვების საკანონმდებლო ინიციატივით ქრისტიან-დემოკრატებმა პარლამენტს მიმდინარე წლის მაისში მიმართეს.