საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქრისტიან-დემოკრატები "გასოციალისტდნენ". ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს სესიაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც ქრისტიან-დემოკრატებმა ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით გააკრიტიკეს. მთავარი კრიტიკა კი მედიაგამჭვირვალობის საკითხის დაყენებას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მედიაგამჭვირვალობის კუთხით რეფორმების გატარების შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დილით გააკეთა. ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები კი სესიაზე გაიმართა. ამის გამო კი ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატები ნელ-ნელა ქრისტიან-სოციალისტური პარტია ხდება".
წიკლაურს საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტიც, რომ ქრისტიან-დემოკრატები მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზედაც საუბრობენ.
"არ არის გულწრფელი იმის თქმა, რომ თითქოს ამ ადამიანების ბედზე მხოლოდ ისინი ზრუნავენ და ხელისუფლება არაფერს ფიქრობს. მედიის თავისუფლების თემაზე ქრისტიან-დემოკრატების გამოსვლებმა ცდუნება გამიჩინა, რომ საერთაშორისო დამნაშავე ბადრი პატარკაციშვილის მიერ შექმნილი ტელეკომპანია გავიხსენო. ეს რაღაცა სოციალიზმი, რომელსაც ახლა ვნერგავთ და ის შეფასებები, რასაც თქვენ გამოთქვამთ, გამუდმებით მიბიძგებს, გავიხსენო სულ სხვა დრო და გზა, კერძოდ, მონეტებით მოოჭვილი გზა აჭარიდან არკადიამდე", - განაცხადა წიკლაურმა.