საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული ფორუმის წევრს, ზაზა ჩაკვეტაძეს თავდებად უდგება, რათა მისი გათავისუფლება მოხდეს. თავდებობის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელი უკვე მოაწერა და იმედოვნებს, რომ უმცირესობის მხრიდან ხელმოწერას ყველა დეპუტატი გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე რამდენიმე დღის წინ ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს. მისი საკითხი დღეს სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც დასვა. მან ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტს პოლიტიკური ნიშნით დაკავება უწოდა. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ასეთი ფაქტები საგანგაშოდ მატულობს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაზე ამ მიმართულებით ზეწოლა უნდა განხორციელდეს.
ლორთქიფანიძე ითხოვს, გაფართოვდეს პარალმენტის მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც ციხეების მონიტორინგს ახორციელებს. მისი თქმით, აუცილებელია, ეს ჯგუფი მხოლოდ უმრავლესობის წვერებისგან არ შედგებოდეს და მასში ყველა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი იყოს ჩართული, რათა ციხეებში არსებული მდგომარეობა კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს.