საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია პარალმენტში ახალი მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც ციხეების მონიტორინგს განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსთავის ერთ-ერთ ციხეში პატიმრები სასტიკად არიან ნაცემი და ამასთან დაკავშირებით პარლამენტის მონიტორინგის ჯგუფს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ბაღათურია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი შესწავლას საჭიროებს და ახალი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითხოვს.
"მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ, რომ შევქმნათ სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ციხეებში არსებულ მდგომარეობას და თუკი არ დადასტურდება ეს ინფორმაცია, მაშინ ბოდიშის თქმა არ გამიჭირდება. მთავარია, ეს პრობლემა უყურადღებოდ არ დავტოვოთ", - განაცხადა ბაღათურიამ.
მან სურვილი გამოთქვა, რომ ამ ჯგუფში შევიდნენ პარალმენტის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეები, თუმცა აღნიშნა, რომ თუკი მათ ამ ჯგუფში მუშაობის სურვილი არ ექნებათ, იგი მზად არის, მარტომაც იმუშაოს.
ბაღათურიას მოთხოვნას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ პატიმრების ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბაღათურია პოლიტიკური პოპულიზმის მცდელობაში დაადანაშაულა. ამ საკითხს პარალმენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და ბაღათურიას ურჩია, რომ თუკი ამ კონკრეტული ინფორმაცია აქვს, მიმართოს პარლამენტში არსებულ მონიტორინგის ჯგუფს, რათა მათ მოახდინონ დაუყონებლივი რეაგირება. ბაქრაძემ ბაღათურიას გამოსვლა არაკოლეგიალურად მიიჩნია.
"ამ თემას პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოვიყენებთ და ნუ იქნებით არაკოლეგიალური. ასეთ გამოსვლებს და ინიციატივებს მხარს ვერ დავუჭერ", - განაცხადა ბაქრაძემ.