"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. ამისთვის მათ უმრავლესობის დახმარება დასჭირდებათ და იმედოვნებენ, რომ "ღირსეული და კეთილგონიერი" დეპუტატები ნაციონალებშიც არიან. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, საქმე ეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების "გაპარების" საკითხს. როგორც ლალიაშვილი აღნიშნავს, მან ყველა შესაბამისი ოქმი გამოითხოვა და დაადგინა, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხოლოდ ორგვერდიანი ცვლილებები დაამტკიცა. მეორე მოსმენისთვის კი ეს უკვე 27 გვერდი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს პირველი მოსმენით 25 გვერდისთვის კენჭი არ უყრია და ეს ცვლილებები კენჭისყრაზე "პირდაპირ მეორე მოსმენით დაჯდა". მისი განცხადებით, იურიდიულმა კომიტეტმა ეს ცვლილებები "უბრალოდ გააპარა".
ქრისტიან-დემოკრატები ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ, თუმცა ამისთვის საჭიროა, მას დეპუტატთა 1/5-ის მხარდაჭერა ჰქონდეს. ამისთვის კი მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა არ არის საკმარისი. როგორც ლალიაშვილი განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მისამართად მათ 10 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
"უმრავლესობაშიც მოიძებნებიან ღირსეული და კეთილგონიერი ადამიანები და ოპოზიციას გვერდში დაუდგებიან, რათა არსებული ხელისუფლების შეცვლამდე ევრორემონტიანი საპატიმროები მოქალაქეებით არ გაივსოს", _ აცახდებს ლალიაშვილი.