გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ მოხუცთა თავშესაფართან დაკავშირებით ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის გამოჩენაც კი სცხვენია. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის დადგენილებით, ჯერ კიდევ იანვარში მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად უმწეო მოხუცებს თავშესაფარში ცხოვრებისთვის თანადაფინანსება მოუწევთ.
კერძოდ, უკიდურესად ღარიბ მოხუცებს თვეში 90 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენებს 150 ლარის გადახდა დაეკისრებათ.
ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად საგანგაშოა, რადგან მისი თქმით, ამ პირობებში ვერც ერთი მოხუცი ვერ შეძლებს თავშესაფარში ცხოვრებას.
"ეს დადგენილება, რომ სასაცილოა და შეუსრულებადი, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ. გამოვიკვლიე და გავიგე, რომ არც ერთ მოხუცს, რომელიც თავშსაფარში იმყოფება ჯერჯერობით ასეთი ვალდებულება არ აკისრია, მაგრამ მაინტერესებს რატომ იწერება ასეთი დადგენილება და მოხუცებს რატომ უნდა Eეშინოდეთ მისი ამოქმედების", - აცხადებს ახვლედიანი და მთავრობას მოუწოდებს, რომ "ნუ წერენ ისეთ დადგენილებებს, რომლის შესრულებაც თავადვე სცხვენიათ.
ახვლედიანი ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ორი თვის ბავშვი, რომელიც გულის მანკით არის დაავადებული ქვეყნის შემდგომ განვითარებას ვერ დაელოდება და ხელისუფლება მის მშობლებს ასეთ დაპირებებს არ უნდა აძლევდეს.