საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ მედიაგარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას ოპოზიცია არაადეკვატურად შეხვდა და ურჩევს რომ "პოლიტიკურ ეჭვიანობას თავი დაანებონ". ეს განცხადება გოკა გაბაშვილმა დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლების ინიციატივა მედიაგამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო რეიტინგებს დაუკავშირა.
როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამ ინიციატივას ოპოზიციის მხრიდან გაუგებარი რეაგირება მოჰყვა და როგორც იგი აცხადებს, მისთვის ოპოზიციის ასეთი განცხადებები გაუგებარია.
ამასთან, გაბაშვილი აღნიშნავს, რომ "ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ჩვენს რეგიონში ვიყოთ მოწინავე ქვეყანა. ჩვენ ვცდილობთ დავუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს", - აცხადებს გაბაშვილი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამით აიხსნება ხელისუფლების ინიციატივა და მზადყოფნა მედიაგამჭვირვალობის კუთხით რეფორმების გასატარებლად და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არანაირ რეიტინგთან.
გაბაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ნების დადასტურებაა დღეს მეორე არხის ფუნქციონირება, სადაც ოპოზიციას ყოველგვარი კორექტირების გარეშე შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ რეფორმის გაგრძელებაა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებაც.
"გთხოვთ პოლიტიკური ეჭვიანობის გარეშე მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და პარტიული კუთვნილების გარეშე ერთად გადავწყვიტოთ ეს საკითხები", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.