"ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ დავით ბაქრაძის ინიციატივა მედიამფლობელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გამოწვეულია საერთაშორისო ზეწოლით და ხელისუფლებას მოუწოდებენ რომ ამ საკითხზე მუშაობისას "პრესის ასოციაციის" მიერ შემუშავებული კანონპროექტები გამოიყენონ.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გიორგი თარგამაძემ დღეს სესიაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალა დიდი ხანია საუბრობს მედიის სტანდარტების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, თუმცა მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ყურადღება მანამდე არ გამახვილდა, ვიდრე არ გამოქვეყნდა საერთაშორისო კვლევები, სადაც საქართველოს მდგომარეობა 40 ერთეულით არის გაუარესებული.
"საქართველო მედია თავისუფლების ხარისხით სამარცხვინო მეასე ადგილზეა, ამიტომ მივესალმები თქვენს ინიციატივას", - განცხადა თარგამაძემ და მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად რეაგირებს საერთაშორისო ოგანიზაციებისადმი ვიდრე ნებისმიერი ობიექტური კრიტიკისადმი.
აღსანიშნავია რომ თარგამაძის ეს მოსაზრება მიუღებელი აღმოჩნდა პარალმენტის თავმჯდომარისათვის. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მის დღევანდელ ინიციატივას არანაირი კავშირი არ აქვს საერთაშორისო რეიტინგებთან. "თუ გინდათ გავმართავ მეორე ბრიფინგს და უკან გამოვითხოვ ამ წინადადებას, ოღონდ ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ აიღეთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მედიასაშუალებების გამჭვირვალობას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ მედიასაშუალებების მფლობელებსაც შეეხებათ.
საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, შესაბამისი კომიტეტები ინიციატივას უახლოესი ორ კვირის განმავლობაში მოამზადებენ რის შემდეგაც პარლამენტი ინიციატივის განხილვას დაიწყებს.