საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ დავით ბაქრაძის ინიციატივა, ტელემფლობელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, გამოწვეულია საერთაშორისო ზეწოლით.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება "ქრისტიან დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე გააკეთა.
მისი თქმით, უცხოელი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ საკითხზე მუშაობისას "პრესის ასოციაციის" მიერ შემუშავებული კანონპროექტები გამოიყენონ.
როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, "პრესის ასოციაციის" მიერ უკვე შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის განხილვა დიდი ხანია ყურადღების მიღმა რჩება.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პაკეტის საჯარო განხილვა ხვალ სახალხო დამცველის ოფისში იმართება, ორშაბათს კი "ქრისტიან-დემოკრატები" ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე პროექტის ავტორებისაგან ინფორმაციის დეტალურ მოსმენას გეგმავენ.
"ქრისტიან-დემოკრატები" ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებენ, რომ განხილვას დაესწრონ.