ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მეხუთე რაუნდის ანგარიშის თანახმად, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნულ მაკოორდინებელ ორგანოს.
სამინისტროს მიერ 17 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამინისტრო საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ფულის გათეთრების (მათ შორის, კონტრაბანდა, გადასახადებისაგან თავის არიდება და სხვა დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია საზღვრის კვეთასთან) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
ამასთან, ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს და ზედამხედველობა გაეწიოს სათამაშო ბიზნესის სფეროში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას და გამოსწორდეს სამორინეს მოწყობის ნებართვასთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად დადგენილ მოთხოვნებში არსებული ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ამ სფეროში ზემოაღნიშნული დანაშაულის პრევენციის ეფექტურობას.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ოქტომბრის №2257 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 1.8 პუნქტის შესაბამისად, "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, პასუხუსმგებელ უწყებას წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც ევალება საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრება აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის და ქონების კანონიერი წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა და აღნიშნული ღონისძიების შესრულების ვადად განისაზღვრა 2020-2021 წლები.
როგორ შეასრულა ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულება - როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტრომ Moneyval-ის რეკომენდაციების შესაბამისად, შეიმუშავა სათამაშო ბიზნესის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც წარდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.06.2020წ. N6487-II საქართველოს კანონი.
აღნიშნული ცვლილება განპირობებული იქნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების იმპლემენტაციისა და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრების აუცილებლობით.
მიღებული კანონით განისაზღვრა შემდეგი საკითხები:
- განიმარტა ბენეფიციარი მესაკუთრის ცნება, რომლის თანახმად, ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემამდე გამოიკვლიოს ნებართვის მაძიებელი ბენეფიციარი პირი და მისი კაპიტალი. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის ყველა ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოთხოვნისას, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ, ხოლო ტოტალიზატორის, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაცემისას, ასევე სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- დაზუსტდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულებები -ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაკისრებული ვალდებულებები და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტთან და განაგრძობენ მათი რეკომენდაციების შესრულებას.