თვითდასაქმებულები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვაწესებთ სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში, ეს გახლდათ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც აქვს საბანკო სესხი მიზნობრივად ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს, მივეხმაროთ სესხის გადავადებაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, პირველი იანვრიდან გაგრძელდება 1200-ლარიანი დახმარების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სამსახური დაკარგეს.
"ფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, იღებდნენ 1200-ლარიან დახმარებას ექვს თვის განმავლობაში, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. ამ დახმარებით წინა ტალღის პირობებში ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა, ვფიქრობთ, ამჯერადაც იგივე ციფრი იქნება", - განაცხადა გახარიამ.