საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გია თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივას - "თავისუფლების ქარტიას" მიმდინარე კვირაში პარლამენტის იურიდიული, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარალმენტის ბიუროს სხდომაზე თავად კანონპროექტის ავტორის, თორთლაძის მოთხოვნის თანახმად იქნა მიღებული.
მან აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუკი სამივე კომიტეტი ერთობლივ სხდომას გამართავს და ბიურომ მისი მოთხოვნა გაიზიარა.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფლების ქარტია" აერთიანებს თავის დროზე თორთლაძის მიერ შემუშავებულ ლუსტრაციის შესახებ კანონსა და ე. წ. პატრიოტის აქტს. თავდაპირველად აღნიშნული კანონპროექტები თორთლაძემ ცალ-ცალკე წარმოადგინა, შემედგ უკან გაიწვია და გაერთიანებული სახით თავისუფლების ქარტიის სახელით თავიდან დაარეგისტრირა.
კანონპროექტი ითვალისწინებს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობით აღრიცხვის და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და ა. შ.. მოგვიანებით ამ ინიციატივას თორთლაძემ კიდევ ერთი ინიციატივა დაურთო, რომლის თანახმად, საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკა კანონით უნდა აიკრძალოს. აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე თვის წინ არის დარეგისტრირებული, თუმცა დღემდე მისი განხილვა ვერ მოხერხდა.