"დემოკრატიული მოძრაობა - " ხელისუფლებას ქართული ენის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან ქართული ენის უგულებელყოფაზე მეტყველებს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, სადაც ქვეყანაში არაეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 0 ლარს შეადგენს.
"ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, 1 მილიონი ლარი გამოეყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის, როგორიცაა პროგრამა "კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები" ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონების სკოლებში", არც საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარებისთვისაა თანხები გამოყოფილი. მაშინ, როდესაც 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაფინანსებულია შოუპროგრამები, ძეგლს ვუდგამთ ანბანს, რომლის წინააღმდეგებიც ჩვენ არ ვართ, თუმცა ამ ფონზე ხდება ქართული ენის უგულებელყოფა. როდესაც საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა არ იციან ქართული ენა, ასეთ შემთხვევაში ისინი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას ვერ მოახდენენ, რაც მიუღებელია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამას დაფინანსება 2008-2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იყო ჩადებული, თუმცა იგი ამოიღეს და მის მაგივრად ჩაანაცვლეს ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანის პროგრამა.
"არაფერს აღარ ვამბობთ იმაზე, რომ ჩამოყვანილი მასწავლებლები საეჭვო განათლების მქონეები არიან. არც ინგლისური ენის წინააღმდეგები ვართ, თუმცა როდესაც ქვეყანაში ინგლისური ენის ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია, მათი ჩანაცვლება საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მასწავლებლებით არ უნდა ხდებოდეს და მათ ხელისუფლება გარეთ არ უნდა ყრიდეს. როდესაც საუბარი იყო უცხოეთიდან ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი საქართველოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოდიან, თუმცა როგორც აღმოჩნდა ბიუჯეტში მათთვის 2 მილიონი ლარია გაწერილი", _ აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ გამოსვლას შესაძლოა უმრავლესობიდან ვინმე გამოეხმაუროს და თქვას, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პროგრამები ბიუჯეტის პროექტის სხვა მუხლებშია გაწერილი, ასეთ შემთხვევაში ბურჯანაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, აღნიშნულ მუხლებთან დაკავშირებით ინფორმაცია სასწრაფოდ მიაწოდონ.