"თავისუფალი აზრის სახლი" ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკური თანამშრომლობის წესების შესახებ შეთანხმებისაკენ მოუწოდებს. "თავისუფალი აზრის სახლი" ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებებისათვის "ნეიტრალურ ტერიტორიად" საკუთარ ოფისსაც სთავაზობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, "თავისუფალი აზრის სახლის" დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ ისაუბრა.
ბაკურ ბაკურაძემ "თავისუფალი აზრის სახლის" სახელით, ოპოზიციურ პარტიების მისამართით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა და "თავისუფალი აზრის სახლის" მიერ ჩატარებულმა საინფორმაციო სივრცის ანალიზმა ცხადყო, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ხელისუფლების მიერ კარგად დაგეგმილი Pღ გეგმის "ნებით თუ უნებლიეთ შემსრულებლები ხდებიან".
"ქართული თუ უცხოური ტელეკომპანიებისა და პრესის ფურცლებიდან სულ უფრო და უფრო იკლო ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის საგნობრივმა კრიტიკამ და იმატა ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებამ. ვიმეორებთ, ეს მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა ბაკურაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილება - ესაუბრონ ერთმანეთს მხოლოდ პრესის ფურცლებიდან საზოგადოებრივ პოზიციას მოკლებულია.
ბაკურაძის განცხადებით, "თავისუფალი აზრის სახლი" მოუწოდებს, ქართველ პოლიტიკოსებს გადადონ პირადი და პარტიული ამბიციები, დაუყონებლივ დაიწყონ რეალური პირდაპირი დიალოგი ერთმანეთთან, მიაღწიონ ძირითად შეთანხმებას ოპოზიციის შიგნით პოლიტიკური თანამშრომლობის წესების შესახებ.
"ვთავაზობთ „თავისუფალი აზრის სახლის" ოფისს, როგორც ნეიტრალურ ტერიტორიას პირისპირ შეხვედრებისათვის", - აღნიშნა ბაკურაძემ.