დღეს, ლუქსემბურგში ჩეხური მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე სამუშაო საუზმის ფორმატში მოეწყო.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ: ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი; ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი; ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი; უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იანოშ მარტონი; გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისარი შტეფან ფულე; სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები; რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგდან აურესკუ; ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრის ტეიკმანისი; პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მიკოლაი დოვგიელევიჩი; ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტზე შვედეთის ელჩი ანა-კარინ ენესტრომი; დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი მარი-ლუიზ ოვერვადი; ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი პოლიტიკურ საკითხებში ტიიმუ ტანერი; აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს, კავკასიისა და ეგეოსის ზღვის რეგიონის დირექტორი დანიელ ნ. გარბე.
ჩეხური მხარის ზემოაღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ქართულ მხარესთან პოზიციების ურთიერთგაზიარებას.