საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფრანკოფონის სამიტის ფარგლებში, ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის შეხვდა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ასევე შეხვდა კამერონის, დომენიკის, ფინეთის პირველ პირებს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
"შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 23-24 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის ქალაქ მონტროში ფრანკოფონიის სამიტს დაესწრო.
სამიტზე საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, რაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ ითვალისწინებს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამიტის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილი ძალზე მნიშვნელოვან სტუმრად მიიჩნიეს და გამონაკლისის სახით, სიტყვით გამოსვლისთვის მას დრო საგანგებოდ გამოუყვეს.
ამასთან, სამიტზე მიღებული იქნა კომუნიკე, რომლშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში. ასევე, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ჟენევის ფორმატში ეთანხმებიან შეხვედრების გაგრძელებას და მხარს უჭერენ გაეროს რეზოლუციას დევნილების უპირობო დაბრუნების თაობაზე. სამიტის მონაწილეებმა რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მხრივ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნაც გამოხატეს.
ფრანკოფონიის სამიტზე 70 ქვეყანა მონაწილეობს და ამ ქვეყნებს, ძირითადად, მათი პირველი პირები წარადგენენ.