დღეს, 25 ოქტომბერს, ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფების მორიგი მრავალმხრივი არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
კონსულტაციების ფარგლებში დაიწყება იმ ვალდებულებების ჩამონათვალის განხილვა, რომელიც რუსეთს მსოფლიო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემს, ამის შესახებ განცხადებას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მედვედკოვი აკეთებს.
მედვედკოვის ინფორმაციით, ჩამონათვალში კონცენტრირებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 26 წევრთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადი 1994 წელს შეიტანა, თუმცა ორგანიზაციის წევრობისთვის მას საქართველოს მხარდაჭერას სჭირდება, რომელიც ამ დრომდე არ აქვს.
"საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს", _ ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 5 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას, თუ როგორი იქნება საქართველოს პოზიცია რუსეთის ვმო-ში გაწვრიანებათან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებათან დაკავშირებით აშშ-მა და რუსეთმა მოლაპარაკებები დაასრულეს.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების საბოლოო პოზიციაა.
"საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მანამდე ვიდრე არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს. მათ შორის ეს ეხება საბაჟო გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.