ვენაში ეუთოს სამიტის მოსამზადებელი კონფერენციის დასკვნით სხდომაზე, რომელიც 25-26 ოქტომბერს გაიმართება, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და გარემოს დაცვის საკითხები განიხილება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვენაში ეუთოს სამიტის მოსამზადებელი კონფერენცია 18 ოქტომბერს დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას ქართულ მხარეს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა.
ქართულმა დელეგაციამ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ეუთოს ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოს ხედვაზე ისაუბრა.
"ჩვენ დიდი დაინტერესება გვაქვს, რომ ეუთო რაიმე მანდატით დაბრუნდეს საქართველოს ტერიტორიაზე და მონიტორინგი განახორცილოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამავდროულად ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდა უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და გარემოს დაცვის კუთხით კონტროლი განხორციელდეს", - აღნიშნა კალანდაძემ.