საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში ფრანკოფონიის სამიტს ესწრება. ღონისძიებაში 70 ქვეყანა მონაწილეობს.
აღნიშნულ სამიტზე პრეზიდენტი სააკაშვილი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და ისი სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ არის.
აღსანიშნავია რომ, სამიტის ფარგლებში რეზოლუცია მიიღეს, რომლის ერთი პუნქტი საქართველოს ეხება. კერძოდ კი, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამიტის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას, დევნილებზე გაეროს რეზოლუციას და მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულების სრულად შესრულებას.
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია თავის რიგებში 55 წევრ და 13 ქვეყანა-დამკვირვებელს (მათ შორის საქართველოს) აერთიანებს.
2007 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 200 მილიონი ფრანკოფონი აღირიცხებოდა, მათ შორის, 75 მილიონი "ნაწილობრივად ფრანკოფონი".
ორგანიზაციის 55 წევრი-ქვეყნიდან 32 სახელმწიფოში ფრანგული სახელმწიფო ენას წარმოადგენს.
ცნობისთვის, ამავე მონაცემებით, მსოფლიოში ანგლოფონთა რაოდენობა 2 მილიარდს შეადგენს.