ხვალ, 25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს და ბელგიის სამეფოს ეწვევა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩეხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის ფორმატით (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) შეხვდება.
შეხვედრის მიზანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხების, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების და სამომავლო პერსპექტივების განხილვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის როლზე საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით.
ამ საკითხების განხილვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე, რომელიც იმავე დღეს გაიმართება და რომელზეც იგეგმება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობა.
საგარეო საქმეთა მინისტრის ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში შტეფან ფულესთან და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სტივერ ვანაკერესთან.