"დემოკრატიული მოძრაობა" გმობს მცირე მეწარმეების საპროტესტო აქციის დროს "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლის, ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტს და სოლიდარობას უცხადებს „ეროვნულ ფორუმს". ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩვენ, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დარბეულ მოვაჭრეებს. ეს ფაქტი შევაფასეთ ხელისუფლების მხრიდან მცირე მეწარმეების უფლებების მორიგ დარღვევად და ბიუჯეტის შევსების მიზნით განხორციელებულ უკანონო ქმედებად", _ ნათქვამია განცხადებაში და აღმიშშნულია, რომ "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელს, ზაზა ჩაკვეტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ტელეარხებით გასულ სიუჟეტებშიც კი, ნათლად ჩანს, რომ ინციდენტის არც ერთ მონაწილეს პოლიციელის ფორმა არ აცვია.
"ჩვენ "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ჯერ კიდევ 2009 წლის 28 მაისს ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავაკეთეთ მკაცრი შეფასება და მივმართეთ საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულზე ადექვატური რეაგირება მოეხდინა. მაშინაც, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სააკაშვილის „ზონდერ ბრიგადები" თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, შემდეგ კი, პოლიციაზე თავდასხმის მუხლით დააკავეს ორი ახალგაზრდა, რომელთაც თავისუფლების აღკვეთა 3 და 15 წლის ვადით მიუსაჯეს. სამწუხაროა, რომ მაშინ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია და სწორედ ეს დაუსჯელობის სინდრომი აძლევს ხელს ხელისუფლებას მსგავსი ქმედებები პერმანენტულად განახორციელოს", _ აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" მოუწოდებს ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ უფლებათადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრი შეფასება მიეცეს სამართალდამცავი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს, "რათა აღიკვეთოს უდანაშაულო მოქალაქეებზე თავდასხმებისა და მათი უკონონოდ დაპატიმრების ფაქტები".