პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პირობას დებს, რომ თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების უფლებები რეალურად ირღვევა, აღნიშნულის შესამოწმებლად მონიტორინგის ჯგუფს შესვლაზე პრობლემა არ შეექმნება.
"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეუზღუდავი შესვლის უფლება აქვს. შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ საპატიმროებში პატიმრის უფლებების დარღვევა ხდება, აღნიშნულ ჯგუფს მიაწოდოს ინფორმაცია და ისინი ადგილზე მონიტორინგს განახორციელებენ", - განაცხადა ბაქრაძემ და პირობა დადო, რომ ამ ჯგუფის წევრებს სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში შესვლისას პრობლემა არ შეექმნებათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ალასანიამ დავით ბაქრაძეს მოუწოდა, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ქსნის მე-7 კოლონიაში დაუშვას. ალასანიას ინფორმაციით, ნაცემი 9 პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა და გია ცაგარეიშვილი სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.