ნატოში ლიტვის ელჩის, ილინას ლინკევიჩუსის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, იგი მაინც რჩება პრიორიტეტულ ქვეყნად ალიანსისთვის.
"დღევანდელ შეხვედრაზე პარალმენტის თავმჯდომარესთან ლისაბონის მომავალ სამიტზე და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე ვისაუბრეთ. აქ სწორედ იმისთვის ვართ ჩამოსული, რომ ეს საკითხები განვიხილოთ და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ საქართველო, მიუხედავად მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა, ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება", - აღნიშნა ლიტვის ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება და სწორ გზას ადგას.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ელჩების დელეგაცია საქართველოს 20 ოქტომბერს ეწვია. მათ უკვე გამართეს შეხვედრები ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სტუდენტებთან. დღეს ისინი შეხვდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თემურ იაკობაშვილს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, შემაჯამებელ შეხვედრას ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან გამართავენ.