"საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ ნატოს ელჩების ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რჩება ალიანსის პრივილეგირებულ პარტნიორად", - ამის შესახებ ნატოს ელჩებთან შეხვედრის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ლისაბონის სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს.
"იმედი მაქვს, ლისაბონის სამიტზე ახალი სტრატეგიის კონცეფციაში და სამიტის დოკუმენტშიც საქართველოს საკითხი იქნება ადეკვატურად ასახული ისე, რომ ძალაში დარჩეს ყველა ვალდებულება, რომელიც ბუქარესტში ნატომ აიღო. ნატოს ელჩებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებულ ვითარებაზე. ასევე, რა უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესასრულებლად, რომ ამ რეგიონებში სიტუაცია გაუმჯობესდეს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ნატოს ელჩებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. პირველ რიგში ეს შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას. ბაქრაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.