2010 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა მისი სამეფო უდიდებულესობა, პრინცი ედუარდი, უესექსის გრაფი. იგი ოფიციალურად გახსნის ბრიტანეთის საელჩოს ახალ შენობას კრწანისში (თბილისი).
ვიზიტისას მისი უდიდებულესობა შეხვდება საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებს. იგი გაეცნობა ბი-პის საქმიანობას საქართველოში, ასევე ევრო-კავშირის მონიტორინგის მისიისა და ბრიტანეთის საბჭოს მოღვაწეობას.
„მოხარული ვარ, რომ მისი უდიდებულესობა პრინცი ედუარდი ბრიტანეთის საელჩოს შენობას ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჩვენი ახალი შენობა აშკარა გამოხატულებაა იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთი საქართველოსთან ურთიერთობას. მისი უდიდებულესობა გაეცნობა ჩვენს ურთიერთობის მრავალმხრივ მიმართულებებს, მათ შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას, კულტურისა და ხელოვნების დარგში კავშირებს, კომერციულ და საინვესტიციო საქმიანობას. ჩემი საელჩო გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, კერძოდ კი კომერციული კავშირები"- განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფმა, საქართველოში სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით.