"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტიდან "შოუ პროგრამების ბიუჯეტის" გაწვევას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პერესკონფერენციაზე ბაღათურიამ აღნიშნა, პარლამენტში შეტანილ სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამები მთლიანად არის უგულებელყოფილი, სამაგიეროდ მილიონობით ლარით არის გაზრდილი შოუ პროგრამებისა და ახალი ძეგლების დაფინანსება.
"დღემდე როდესაც ვიღებდი წერილს პირისგან, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით დახმარება სჭირდებოდა, შრომის ჯანმართელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვუგზავნიდი. წერილს ჯანდაცვის კომისია განიხილავდა. ამ კომისიის გაუქმების შემდეგ ვეღარ ვხვდები, ვის უნდა ვაცნობო პრობლემის შესახებ. მივითხოვ მოხდეს კვლავ ჯანდაცვის კომისიის აღდგენა, რადგან ქვეყანაში 100 ათასობით ადამიანს ჯანმრთელობის ისეთი მძიმე პრობლემები აწუხებს, რომლისთვისაც სახელმწიფო დაფინანსება აუცილებელია,"- აღნიშნა ბაღათურიამ.
მან პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი მოქალაქის დიაგნოზი წარმოადგინა, რომელსაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება, თუმცა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაუქმების გამო კრიტიკულ მდგომარეობამდეა მისული.
"მაშინ, როდესაც ქვეყანაში 2 მილიონი მშიერი ადამიანია და ასი ათასობით ადამიანს ასეთი პრობლემა აწუხებს, ხელისუფლებას შემოაქვს შოუ პროგრამების ბიუჯეტი, სადაც მილიონობით ლარით არის გასართობი პროგრამების მოწყობა და ახალი ძეგლების მშენებლობა დაფინანსებული. მოვითხოვ პრეზიდენტისგან და მთლიანად ხელისუფლებისგან უკან გაიწვიოს აღნიშნული ბიუჯეტი და შემოიტანოს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც რეალურად ემსგავსება სახელმწიფო ბიუჯეტს და მასში გათვალისწინებული იქნება სოციალური პროგრამების დაფინანსება. იმის მაგივრად, რომ ასეთ გაჭირვებულ მოსახლეობაზე ხელისუფლებამ იზრუნოს, დაკავებულია 26 მილიონი ღირებულების ძეგლების მშენებლობით," - აღნიშნა ბაღათურიამ.