წარმომადგენლობითი სახალხო კრება რეგიონებისთვის გაზეთის ან ცნობის ფურცელის გამოცემას არ გამორიცხავს. ამის შესახებ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში, ჟურნალისტებთან საუბარში "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში ხელისუფლება ხალხს პრაქტიკულად ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს. ბურჯანაძის განმარტებით, სახელისუფლებო ტელევიზიები საბჭოთა პერიოდის მედიასაშუალებების მსგავსად მაუწყებლობენ, ტენდენციით - "უცხოეთში ხდება ცუდი ამბები, ხოლო საქართველოში ყველაფერი კარგადაა". პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღევანდელ საქართველოს ამ კუთხით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უწოდა.
"კარგი იქნება, თუ რეგიონებში მოსახლეობას ექნება საშუალება, გაეცნოს სახალხო კრების ხედვებს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, მის ნაბიჯებს და ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას. იმედია ,ეს პროექტი განხორციელდება და საჭირო ფინანსებს მოვიძიებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.