ჯონდი ბაღათურია პარლამენტში ციხეების მონიტორინგისთვის ახალი ჯგუფის შექმნას ითხოვს.
ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია, რომ ციხეებში მიმდინარეობს პატიმრების ცემა ციხეების ზედამხედველების მხრიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარება რუსთავის პირველ კოლონიაშია.
ბაღათურია იმასაც აცხადებს, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია და მის დაზუსტებაზე პარლამენტმა უნდა იმუშაოს.
მისივე განცხადებით, უნდა შეიქმნას ჯგუფი, სადაც შევლენ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, თავად ბაღათურია და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
ბაღათურია აცხადებს, რომ თუკი ჯგუფში შესვლას არავინ მოინდომებს, საკითხს იგი ბოლომდე მიყვება და მარტოც იმუშავებს.
გარდა ამისა, იგი აკრიტიკებს პარლამენტში უკვე არსებულ ციხეების მონიტორინგის ჯგუფს, ვინაიდან მათ ამ საკითხზე არანაირი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ჯონდი ბაღათურიამ იმ ბრიფინგზე გააკეთა, რომლის მთავარი თემა სასჯელთაღსრულების სისტემაში გრძელვადიანი პაემნებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა იყო.