ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების, ქართველ ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციას შეეხება, რის შემდეგაც ნატოს დელეგაცია ნატოს სამეკავშირეო ოფისში გაემგზავრება. ოფისში ოფიციალურად გაიხსნება "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის" პროექტი.
შეხვედრაში მონაწილეობენ ლიტვიდან მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ლინას ლინკევიჩიუსი, ლატვიიდან იანის ეიხმანისი, ესტონეთიდან იური ლუიკი და ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ჯონ ჰეფერნი.
ნატოს დელეგაცია ალიანსის კვირეულის ფარგლებში საქართველოს 13 ოქტომბერს ეწვია.
ელჩები შეხვედრებს გამართავენ ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და სტუდენტებთან.