საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ბუდაპეშტში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპულ საქმეთა, პოლიტიკური, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა.
უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.
ქართულმა მხარემ უნგრულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. ასევე აღინიშნა უნგრული მხარის მხარდაჭერის და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებში.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი; ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.