ჩეჩენი მებრძოლი, რომელმაც პარლამენტის შენობის შესასვლელში თავი აიფეთქა, ამოცნობილია. განცხადება ამის შესახებ ჩეჩნეთის შს მინისტრმა რუსლან ალხანოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ერთ-ერთი თვითმკვლელი ჩეჩნეთში მცხოვრები 22 წლის მუსლიმ ჩიჩკანოვია.
მინისტრის ინფორმაციით, ჩიჩკანოვი 2009 წლიდან უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი ტერორისტის ვინაობა ამჟამად დგინდება.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პარლამენტის ტერიტორიაზე გუშინ ტერორისტ-თვითმკვლელების თავდასხმა მოხდა. დილით, როდესაც დეპუტატები თავიანთი ავტომობილებით პარლამენტის შენობის ეზოში შედიოდნენ, მათთან ერთად ტერორისტების სავსე ავტომობილიც შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ორმა ტერორისტმა პარლამენტის შენობამდე მიღწევა შეძლო. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა პარლამენტის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთს მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობიდან მთელი სამოქალაქო პერსონალის ევაკუაცია მოხდა. მებრძოლების განადგურების ოპერაციას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.