ქრისტიან-დემოკრატები ჯანდაცვის პროგრამების სადაზღვევო სექტორისთვის შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ეს უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე არის.
ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება "ნაჩქარევი და გაუაზრებელია".
მისივე თქმით, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ჯანდაცვის ნაწილის გარეშეა შესული. ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები პარლამენტში ჯერ კიდევ არ მისულან, რათა ჯანდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები შეჯერდეს.
როგორც ანიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ეს ქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ დაგეგმილია ჯანდაცვის ისეთი პროგრამების გაუქმება, როგორიცაა ურგენტული, რეფერალური, ონკოლოგიური, გულის ქირურგიის, დიაბეტით დაავადებულთა დახმარების, დედათა და ბავშვთა ზრუნვისა და სხვა.
ანიკაშვილის ინფორმაციით, საერთო ჯამში ამ პროგრამებით 10 ათასობით ადამიანი სარგებლობს.
"მთავრობის გადაწყვეტილება, პროგრამების სადაზღვევო კომპანიისთვის გადაცემის შესახებ, დაკავშირებულია დიდ საფრთხეებთან, რადგან სადაზღვევო სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე განვითარებული. ვშიშობ, იმ კატეგორიის მოქალაქეები, ვისაც დახმარება დასჭირდებათ, უმწეონი დარჩებიან. მკურნალობის და მედიკამენტების გარეშე ისინი უბრალოდ ვერ იცოცხლებენ,"-აცხადებს ანიკაშვილი.
ამასგან იგი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება მართლაც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერთან ერთად იქნება ზეწოლა კერძო სექტორზეც.
"გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება შემდეგი: პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დაიბარებს კერძო სადაზღვევო კომპანიებს და მათ სხვადასხვა დავალებებს მისცემს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, არ შეიძლება გადაწყვეტილების ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღება. ეს დააზარალებს, როგორც მოქალაქეებს, რომელთა სიციცხლეც ამ პროგრამებზეა დამოკიდებული, ასევე კერძო სექტორსაც, სადაზღვევო კომპანიების სახით," - აცხადებს ანიკაშვილი.