„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ ამ კვირაში ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს სესიას, რითაც ხელიდან გაუშვა გადაწყვეტილებების მიღების ან თუნდაც მათი დაბლოკვის შანსი, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი X-ზე წერს. ის ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
„აღსანიშნავია, რომ "ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ ამ კვირაში ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს სესიას, რითაც ხელიდან გაუშვა გადაწყვეტილებების მიღების ან თუნდაც მათი დაბლოკვის შანსი, ახლა ისინი ჩივიან, რომ გადაწყვეტილებები არ მოეწონათ, რომ არ არის ჭეშმარიტი და სამწუხაროა. ჩემი პოზიცია თავიდანვე ნათლად იყო გადმოცემული: არავის გაუუქმებია საქართველოს ოფიციალური დელეგაციის მოწვევა. მათ არჩიეს, არ მოსულიყვნენ“, - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, რომლებშიც „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის“.
პაპუშვილის განცახდების თანახმად, ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.